პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილეს, ნუნუკა თამაზაშვილს ბაკურიანში 5 958 კვ.მ ტყე იჯარით გადაეცა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ბაკურიანში მდებარე ტყის ნაწილი ღარიბაშვილის ოჯახს 49 წლის ვადით აქვს გადაცემული.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, სატყეო სააგენტოსა და ნუნუკა თამაზაშვილს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ღარიბაშვილის ოჯახი ტყის ნაწილის ფლობის სანაცვლოდ ყოველწლიურად 6 255,9 ლარს გადაიხდის.
ეროვნულმა სატყეო სააგენტომ საჯარო რეესტრს თამაზაშვილისთვის ბაკურიანში არსებული ტყის 5 958 კვ.მ-ის ფართობის გადაცემის თხოვნით 2021 წლის 28 დეკემბერს, 16:37 საათზე მიმართა — რეესტრმა განცხადება ორ საათში, 18:37 საათზე დააკმაყოფილა.
დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია ჯერჯერობით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა და ის ტყის ფონდში ირიცხება. მის მომიჯნავედ კი ნუნუ თამაზაშვილი ცალკე 1 530 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთსაც ფლობს საკუთრებაში. ეს ნაკვეთი კი სასოფლო- სამეურნეო [საკარმიდამო] დანიშნულებისაა.
როგორც ცნობილია, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი დაბა ბაკურიანში სახლს იშენებს. პრემიერ-მინისტრის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ღარიბაშვილის ცოლმა, ნუნუკა თამაზაშვილმა 2019 წელს ბაკურიანში 1 530 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი შეიძინა, რომელშიც 76 500 დოლარი გადაიხადა.
დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ღარიბაშვილის ოჯახმა 2020 წელს სახლის მშენებლობისა და შესრულებული სარემონტო სამუშაოებისთვის 40 484 ლარი დახარჯა.
აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით 22 იანვარს განცხადება გაავრცელა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ.
განცხადების თანახმად, ნუნუ თამაზაშვილს ტყის ფართობით სარგებლობის უფლება ელექტრონული აუქციონის გზით გადაეცა, რომელში მონაწილეობის უფლებაც ყველა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს ჰქონდა. ტყით სპეციალური სარგებლობა კი საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით, 49 წლის ვადით, სხვადასხვა ვალდებულების გათვალისწინებით გამოცხადდა.